ხსენება 24 ნოემბერი (7 დეკემბერი)
წმინდა ეკატერინე დაიბადა ალექსანდრიაში, სახელგანთქმულ ოჯახში, გამოირჩეოდა გონიერებით, განსწავლულობითა და სილამაზით. დედა და ახლობლები ურჩევდნენ დაქორწინებულიყო, მაგრამ ეკატერინე პასუხობდა: „თუ გსურთ რომ დავქორწინდე, მომიძებნეთ სასიძო ჩემებრ ლამაზი და განათლებულიო“.
უფალმა ისე მოაწყო, რომ ეკატერინემ ერთი განდეგილი ბერი გაიცნო, რომელმაც ღვთისმშობლის ხატი გადასცა და უთხრა, ევედრე და დაგეხმარება შენი შესაფერისი საქმროს პოვნაშიო.
ღამით ეკატერინემ მსუბუქ სიზმარში უცნაური ჩვენება იხილა. ანგელოზებით გარშემორტყმულ ზეციურ დედოფალს ხელთ ყრმა ეპყრა, რომელიც მზესავით ბრწყინავდა. ყრმას პირი მიებრუნებინა ეკატერინესგან და მიუხედავად დიდი მცდელობისა, ქალწულმა ვერ შეძლო მისი სახის დანახვა. დედა ღვთისა ევედრებოდა თავის ძეს, ესწავლებინა ეკატერინესთვის, რა უნდა მოემოქმედებინა, რომ მისი სახის ხილვის ღირსი გამხდარიყო, მან კი მიუგო: „წავიდეს განდეგილთან და შეიტყობს მისგან“.
ეკატერინე მეორე დღესვე გაიქცა ბერთან, მუხლებში ჩაუვარდა და რჩევა ჰკითხა. მაშინ ბერმა უქადაგა მას ქრისტიანობა. ეკატერინემ აშკარად დაინახა ქრისტიანობის უპირატესობა წარმართობასთან შედარებით, ირწმუნა ყოვლადწმიდა სამება და მოინათლა. შინ დაბრუნებული დიდხანს ლოცულობდა უფლის წინაშე. იმ ღამით, ძილში კვლავ იხილა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყრმით ხელში. ახლა ყრმა მოწყალედ უყურებდა ქალწულს. ღვთისმშობელმა ეკატერინეს მარჯვენა ხელი აიღო, ყრმამ კი თითზე ბეჭედი შეაცვა და უთხრა: „ნუ ეძებ მიწიერ სასიძოს“. ეკატერინე მიხვდა, რომ ამიერიდან იგი ქრისტეს სასძლო იყო და უდიდესი სიხარულით აღივსო. ამ დღიდან ქალწული სრულიად შეიცვალა, გახდა თავმდაბალი, თვინიერი და მოწყალე.
მალე ალექსანდრიაში იმპერატორ დიოკლეტიანეს თანამმართველი მაქსიმიანე ჩამოვიდა და შეკრიბა ხალხი, რათა წარმართული ღვთაებებისათვის თაყვანი ეცათ. მაშინ წმინდა ეკატერინე უშიშრად წარსდგა მეფის წინაშე, დაგმო კერპების თაყვანისცემა და მაქსიმიანეს გაქრისტიანებისაკენ მოუწოდა. განრისხებულმა მაქსიმიანემ წმინდანი საპყრობილეში ჩააგდო და ქურუმები მიუჩინა, რომელთაც წმინდა ეკატერინე „გონს უნდა მოეყვანათ“. მაგრამ ეკატერინეს სიბრძნის წინაშე ქურუმები უძლურნი აღმოჩნდნენ. საპყრობილეში წმინდანი მაქსიმიანეს მეუღლემ - ავგუსტამ - მოინახულა, რომელსაც ეკატერინემ ქრისტიანობა უქადაგა და მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.
ქურუმების შეგონებით რომ ვერაფერს გახდა, მაქსიმიანემ წმინდანის წამება გადაწყვიტა, მოატანინა ბორბალი, რომელსაც ალესილი დანები ჰქონდა დაკრული და ბრძანა ამ საშინელი იარაღით დაესერათ ეკატერინეს სხეული, მაგრამ დაიწყო თუ არა წამება, ბორბალი გატყდა და ეკატერინე უვნებელი დარჩა. წამებისას ეკატერინეს ავგუსტა გამოესარჩლა, რის გამოც განრისხებულმა მაქსიმიანემ სიკვდილით დასაჯა მეუღლე. მეორე დღეს მეფემ ცოლობა შესთავაზა ეკატერინეს და ყოველგვარ სიკეთეს დაჰპირდა, რაზეც უარი მიიღო. მაშინ მაქსიმიანემ ბრძანა, წმინდანისათვის თავი მოეკვეთათ, რაც აღასრულეს კიდეც. ეს მოხდა 304 წელს. მოგვიანებით, წმინდა ეკატერინეს ნაწილები სინას მთაზე მოხვდა, სადაც დღემდეა დასვენებული მისსავე სახელობის მონასტერში.